Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სტიგ ლარსონი’

the end

ჰექსეს

ამას წინათ ვთქვი სადღაც –  ბლოგერობის ორი წელმა სათაურების წერა მაინც მასწავლა-მეთქი.

კარგი სათაური რომ საქმის ნახევარია, კი ვიცოდი, მაგრამ ეს ძველისძველი შეგონება სათანადოდ მხოლოდ ახლა დავაფასე.

იაფფასიან ტრიუკებს, ცხადია, არ ვგულისხმობ,  – სამგროშიანი საკითხავის მუშტარი არც მე გახლავართ და არც სტუმართა შორის მეგულება ვინმე.

არაფერია იმაზე სასიამოვნო, კარგად გარანდულ, ჩამოქნილ ტექსტს ასეთივე სათაური რომ ამშვენებს – ოსტატურად მოფიქრებული, მოხდენილი, გონებამახვილური… კამერტონივით რომ განსაზღვრავს ტონალობას.

იმ პოსტებიდან, აქამდე რაც გამომიქვეყნებია, რამდენიმეს სათაური განსაკუთრებით მომწონს. ბოლო, დღევანდელი, აშკარად საუკეთესოა, ოღონდ, ჩემი არ არის.

(more…)

Read Full Post »

"დიოგენეს ბიბლიოთეკა". თბილისის წიგნის მეთოთხმეტე ფესტივალი. 2012 წლის მაისი

ერთგან უკვე დავწერე ამას წინათ – გამომცემლობები იმდენ სიახლეს გვთავაზობენ, გაფაციცებული თუ არ იყავი, რომელიმე აუცილებლად გამოგრჩება-მეთქი. ვებ-გვერდები ჩაათვალიერეთ, ფერად-ფერად კატალოგებს გადახედეთ და დამეთანხმეთ – ოდნავადაც არ გამიზვიადებია…

“მოლის ბიბლიოთეკაში” 62 ჩანაწერია და აქამდე, როგორც წესი, იმ წიგნებზე გიყვებოდით, თაროებზე და “ქინდლში” რომ მქონდა საიმედოდ შენახული. დღეს იმ ლიტერატურულ სასუსნავზე გიამბობთ, სულ მალე რომ გამოჩნდება მაღაზიებში და ყველაზე მეტად ველოდები.

(more…)

Read Full Post »

წიგნების თაობა - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და Zoom-ის ერთობლივი პროექტი

კარგად მახსოვს, მეოთხე კლასელი, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ვიქტორინაზე რომ აღმოვჩნდი სრულიად შემთხვევით. საგულდაგულოდ ჩაწიკწიკებული კონსპექტებით შეიარაღებულ კონკურენტებს რომ გადავხედე, ამათ რა აჯობებსო, ერთი კი ვიფიქრე, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მთავარი პრიზით – უზარმაზარი ლარნაკით ხელდამშვენებული შინ მაინც მე დავბრუნდი.

წელიწადნახევარია, ბლოგის მეპატრონე გახლავართ და სულ ორ კონკურსში ვცადე ბედი. პირველად, “დიოგენესთვის” დავწერე უმბერტო ეკოს “ვარდის სახელზე” და ჯილდოდ მშვენიერი და ფრიად პრაქტიკული ლეპტრეი მერგო. მეორე გამარჯვება სულ ახლახანს მხვდა წილად და, სტიგ ლარსონის და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წყალობით, ახალი ქინდლი მაქვს.

თვე არ გავა, ფეისბუქით რომელიმე ლიტერატურული კონკურსის შესახებ არ გავიგო. ზოგიერთი მართლაც დამაინტრიგებელია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, გამარჯვებულის ე.წ. “ლაიქების” რაოდენობის მიხედვით გამოვლენის საყოველთაოდ გავრცელებული წესი იმდენად არ მომწონს, ინფორმაციისთვის თვალის გადავლებით შემოვიფარგლები ხოლმე.

ჰოდა, ამას რატომ გიყვებით… ამ ერთი კვირის წინ, “წიგნების თაობის” ანონსი რომ წავიკითხე, მგონი, პირველად ვინანე, სტუდენტი რომ აღარ ვარ და ამ საინტერესო პაექრობაში მონაწილეობას ვერ მივიღებ.

(more…)

Read Full Post »

სტიგ ლარსონი. გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2012

ასეთი მოუთმენლობით თებერვალს პირველად ველოდი. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ხეში წყლის ჩადგომა და გაზაფხულის სურნელი მენატრებოდა – ერთი სული მქონდა, ხელმეორედ როდის შევხვდებოდი ბავშვობისდროინდელ, მაგრამ გაზრდილ და დასერიოზულებულ კალესა და პეპის. ჯერ კიდევ მახსოვდა, ზაფხულში ერთად რამდენი ფათერაკი გამოვიარეთ.

ჰოდა, ეს დროც დადგა – “მილენიუმის“ მეორე წიგნი გამოსვლისთანავე ვიგდე ხელთ და ჩემი მარტოსული, მიუსაფარი, პირსინგიანი და თმააჩეჩილი გრძელიწინდა “სანელებლების კუნძულზე“ – გრენადაზე დამხვდა ოკეანის პირას, პლაჟზე მონებივრე, “მათემატიკურ განზომილებებში“ ჰქონდა ცხვირი ჩარგული. ცოტა წავიჭორავეთ – ვმოგზაურობდიო, მითხრა. გვადელუპეზე, სენტ–ლუსიაზე და დომინიკაზე ყოფილა, ვიღაც მომაბეზრებელი ხულიგანისთვის აგურიც უთავაზებია თავში (გაუჭირდებოდა, მე თქვენ გეტყვით), ევროპაშიც უსეირნია ცოტა ხანს, პატარ–პატარა, ინტიმური პრობლემებიც მოუგვარებია… ისიც შევატყვე, არამზადა ვენერსტრომის მილიონებიდან კარგა ბლომად ჰქონდა კიდევ დარჩენილი.

(more…)

Read Full Post »

kindle

ამბობენ, ადამიანი ასაკთან ერთად იცვლებაო… ხმაურიან კლუბში თუხთუხს ტელევიზორის წინ, ფუმფულა სავარძელში მოკალათებას არჩევს, წვიმიან ამინდში ქუჩაში ხეტიალს – მყუდრო კაფეს და ფინჯან ყავას, გადაბმულ ღამისთევას – გემრიელ დილის ძილსო…

ოცდაცამეტი წლის გადმოსახედიდან უკვე შემიძლია, გითხრათ, რომ ნამდვილად ასეა, მაგრამ ზოგი რამ მაინც უცვლელი რჩება – სათამაშოებისა და საჩუქრების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და  დღემდე არ გამნელებია.

ორიოდე კვირის წინ გაკვრით ვახსენე – “ამაზონზე” დავხეტიალობ და რიდერს ვარჩევ-მეთქი. აი, ისიც – ჩემი პირველი “ქინდლი”, ახალი სათამაშო, რომელიც, ამავდროულად, საყვარელი ადამიანის საჩუქარია.

(more…)

Read Full Post »

De Millenium trilogie

გულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით – რომელი თქვენგან დაფიქრებულა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძილმორეულმა პეპი გრძელიწინდამ ვილა “ყიყლიყოში” სანთელი ჩააქრო, ხოლო შეუპოვარმა კალე ბლუმკვისტმა მწვანე გაბარდინისშარვლიანი მკვლელი პოლიციას პირდაპირ ლანგრით მიართვა?

აჰა… გაჩუმდით? მაინცდამაინც ნუ დაირცხვენთ – მიუხედავად იმისა, რომ ასტრიდ ლინდგრენის წიგნები ლამის ძილის დროსაც თავქვეშ მეწყო, არც მე მომსვლია აზრად, რომ პეპი და კალე მარადიულ ბავშვებად ვერ დარჩებოდნენ, გაიზრდებოდნენ და კიდევ უფრო მეტ ფათერაკს გადაეყრებოდნენ.

სამაგიეროდ, ჩემსა და თქვენს ნაცვლად, ამაზე ასტრიდის თანამემამულემ – სტიგ ლარსონმა იფიქრა – ეტყობა, ვიმერბიუელი ჯადოქრის პერსონაჟები ბავშვობაში მასაც ძალიან უყვარდა…

აბა, სხვა რით აიხსნება ის ფაქტი, რომ “გოგონა დრაკონის ტატუთი” წესიერად გადაშლილიც არ მქონდა და მაშინვე კალე ბლუმკვისტს გადავაწყდი.

(more…)

Read Full Post »