ეს ამბავი იცით თუ არა, არც კი ვიკითხავ – რაზეც გინდათ დაგენაძლევებით, რო იცით. კინოს მოყვარული კაცისთვის მაგ ფილმის უნახაობა იგივეა, სასმლის მცოდნედ მოგქონდეს თავი და კალვადოსი კი არ გაგესინჯოს. აი, კინგის მიხედვით როა გადაღებული, ეს კი იქნება ყველამ არ იცოდეს… „მწვანე მილიო“, „მწვანე ბილიკიო“ – როგორ აღარა თარგმნიან; ნიკა სამუშიამ კიდევ ახლახან – „მწვანე გზაო“. მე რო მკითხოთ, „მწვანე ბილიკი“ მირჩევნია, მაგრამ ეგ არ არი მთავარი; მთავარი ის არი, რო ემაგ ბილიკს თუ გზას, ერთხელაც იქნება, სუყველა გავივლით.
ერთი კაციც ემზადება თავისი მწვანე გზის გასავლელად. ამერიკის ფედერალურ ციხეში ემზადება. „ცივ მთას“ რო ეძახიან, აი, იმ განყოფილებაში. ე ბლოკში. რაღა მიხვედრა უნდა, რო სიკვდილმისჯილთა ადგილია ეგა. მანდ მოჰყავთ ელექტროსკამზე დასასმელად განწესებულები. იმათი საკნებიდან იწყება „დიდი შიშხინასკენ“ მიმავალი მწვანე ლინოლეუმით მოგებული გზა.
იმის მტკიცებას არ დავიწყებ, უდანაშაულო ხალხს ელექტროსკამზე არა სვამენ-მეთქი… იქნება მომხდარა ეგრეც. ოღონდ აქ მოსულებიდან ერთიც არ არი მამა აბრამის ბატკანი. თვითონაც იციან ეგა. ზედამხედველებმა ხო იციან და იციან. ოღონდ ისიც იციან, რო ამ ხალხს წარსულთან უკვე გასწორებული აქ ანგარიში. იმიტომაც არი, ავ სიტყვას არ წამოიცდენს არც ერთი. დაუწერელი კანონია. მაგათი კანონი, „ცივი მთის“ რაინდებისა…
გავა ხანი და ერთი ამ რაინდთაგანი, პოლ ეჯკუმი, დაქვრივებული და უშვილძირო, მოხუცებულთა თავშესაფარში მოხვდება. ჰოდა, ვიდრე იმასაც მოუწევდეს თავისი მწვანე ბილიკის გავლა, ერთ ამბავს იხსენებს გამუდმებით.
ჯონ კოფის ამბავია ეს ამბავი. ზემოთ რო ვახსენე, იმ კაცისა. უცნაური კაცისა. რო ვერაფრით გაიგებდი, კაცი იყო თუ ღვთის ნატეხი. ბარე სამი ზორბა ზანგი გამოიჭრებოდა იმისგან, გული კი ბავშვისა ჰქონდა. გულიც ბავშვისა ჰქონდა და გონებაც… იმისი წყევლაც ეგ იყო. ეგეც არაფერი, სხვა უცნაურობა რო არა სჭირვებოდა – მკვდრებს აცოცხლებდა. აეგრე, არც მეტი, არც ნაკლები – იესოსავით.
ჰოდა, კიდეც აირ-დაირია მონასტერი სიკვდილმისჯილთა ბლოკში…
აკი გითხარით, გეცოდინებათ-მეთქი… აღარ ვიცი, გირჩიოთ კი წაკითხვა? ან რომელი მრჩეველი მე ვარ. დიდი-დიდი, სასხვათაშორისოდ გითხრათ, თაროზე „მწვანე გზა“ ყველაზე იოლად მოსახელთებელ ადგილას მიდევს, საწოლიდანვე რომ მივწვდე-მეთქი. მაგრამ ეგ მე ვარ, თქვენი საქმისა კიდევ თქვენ იცით…
ეს კი უთუოდ ვიკითხოთ: რაზეა წიგნი? ბოროტისა და კეთილის მარადიულ დაპირისპირებაზე? სამართლიანობასა და გულმოწყალებაზე? თუ დანაშაულსა და სასჯელზე? ან იქნებ ბედისწერაზე, რომელთან ჭიდილშიც ვიქცევით იმად, რანიცა ვართ?
რომელი პასუხიც არ უნდა აირჩიოთ, არ შეცდებით – „მწვანე გზაში“ ისიც არი და ესეც. იმაზეც დაგაფიქრებთ ავტორი და ამაზეც. მე კი, იმავეს თუ მკითხავთ, აი, რას გეტყვით:
ეს წიგნი კაცზეა, ერთ დღესაც ურთულეს არჩევანს რო შეეჯახა, რიგითი ამერიკელის მყუდრო, ათასჯერ აწონ-დაწონილი ყოფიდან ამოვარდნილმა გზაგასაყარზე ამოყო თავი და ვერც ვერასოდეს მიხვდა მერე, სწორ გზას დაადგა თუ მცდარს.
განა ყველა ეგრე არა ვართო? – მკითხავთ. განა ყოველ ჩვენგანს სამარემდე არ მიჰყვება სინანული იმ ჩარაზული კარის გამო, ეგრეც რო ვერ გაბედაო გაღება?
ეგრეა, ეგრე.
აკი იმიტომაც დასდევს ჩვენს წუთისოფელს მომწარო-მომლაშო გემო.
აი, ისეთი, ჯონ კოფის სიკვდილისწინა ცრემლს რო ექნებოდა.
ვულოცავ ანისოპტერას დებიუტს. უფრო წარმატებულ ნაბიჯს ვერც ერთ სხვა ბლოგზე და სხვა თემით ვერ გადადგამდა :)
LikeLike
tamara, გმადლობთ )) თქვენი გამოხმაურება პირველია და ამიტომ ერთიორად ძვირფასი ჩემთვის ))
მოლიზე უკეთეს მასპინძელს, რა დასამალია, მართლა ვერ ვინატრებდი <3
ოღონდ ზღაპრები თუ გიყვარდათ ბავშვობაში, ეს ამბავიც გეხსომებათ – მეფემ რომ ჰკითხა თავის ქალებს, მეფის ასულები რადა ხართო. ერთმა – იმიტომ, რომ მამაჩემი ხელმწიფეაო, მეორემაც ეგრე, მესამემ კიდევ – მე თვითონა ვარ მეფის ასულიო.
ჰოდა, მეც ეგრე – მამაჩემი კია ხელმწიფე, მაგრამ მაინც – მე თვითონა ვარ მეფის ასული ))
LikeLike
ზუსტად ეგ ვიგულისხმე :)
აქ კი ხარ ჯერჯერობით სტუმარი, მაგრამ მალე საკუთარ ბლოგზე გვისტუმრე :)
LikeLike
სასიამოვნოა სტუმრობა, როცა მოლისნაირი მასპინძელი გყავს ))
ისე კი, სულ მალე დაგიძახებთ ახალსახლობაზე ))
LikeLike
მშვიდობით გევლოს ბლოგოსფეროს ბილიკებზე :)
LikeLike
ბილიკებზე? )))
ბეწვის ხიდზე.
LikeLike
მშვენიერი პოსტია. დავამატებდი: გადასარევი: ) სხვების მსგავსად ფილმი მეც რა თქმა უნდა ნანახი მაქვს, ხოლო წიგნს მალე მოვიხელთებ და აუცილებლად ვეზიარებ კინგს(“მიზერთან” ერთად რა თქმა უნდა).
LikeLike
გმადლობთ )) ძალიან მიხარია, თუ შევძელი, დრო, რომელიც ამ პოსტის წაკითხვას მოანდომეთ, დაკარგულად არ ჩაგეთვალათ ))) აუცილებლად ეზიარეთ! ეკრანიზაცია ერთმნიშვნელოვნად კარგია, მაგრამ შედევრიც რომ იყოს, წიგნს სულ სხვა ხიბლი აქვს. ცალკე სიამოვნებაა იმაზე დაკვირვება, რეჟისორისეული გააზრება, მის მიერ დასმული აქცენტები სად ემთხვევა ან სად სცდება მწერლისას… ერთი სიტყვით, “მიზერი” ხომ ბრწყინვალეა – “მწვანე გზაც” არანაკლებია. და, ღმერთმა ქნას, სულ ცოტა, “შოუშენკიდან გაქცევას”, “დოლორეს კლეიბორნსა” და “სიზმრების მჭერსაც” მალე მოეღწიოს ჩვენამდე. თუმცა, მე რომ მკითხოთ, კინგის სრულ კორპუსზეც არ ვიტყოდი უარს )))
LikeLike
მადლობა თქვენ ამ პოსტით ასეთი სიამოვნების მონიჭებისთვის და ჩემს კომენტაზე გამოჩენილი ამხელა ყურადღებისთვის: ) ამ წუთას გავიგე, მალე “უძილობაც” იხილავს ქართულ სინათლესო^^ და რაც მთავარია, მოლის ბლოგზე ხომ შესანიშნავად გაგვიმასპინძლდით, მალე თქვენს საკუთარ ბლოგზე გეფუსფუსოთ და სტუმრებიც ღირსეულად მიგეღოთ(რაშიც უკვე დარწმუნებულიც ვარ).
LikeLike
P.S. “უძილობასთან” ერთად “წელიწადის დრონიც” <3
LikeLike
გმადლობთ მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის ))) შესანიშნავი ამბავია. ამ ნუსხას მე “საჭირო ნივთებსა” და “ნათებასაც” დავამატებდი და, ჯანდაბას, დავჯერდებოდი – როცა გშია ზაქარიას პრინციპით, თორემ მთელი ჩვენი მთარგმნელებიც რომ ჩაუსხდნენ, მარტო კინგს არ ეყოფიან და დარჩნენ გუდკაინდი და პრატჩეტი უთარგმნელი ))
LikeLike
წიგნსა და ფილმზე რაღა ვთქვა. ორივე რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოა, ამაზე უკვე შევთანხმდით :) რაც შეეხება პოსტს, იმედია ეს პირველი და უკანასკნელი არ იქნება. ავტორმა ისეთი თემით დაიწყო მოღვაწეობა, რომ აშკარად “გემრიელი” ბლოგი გამოვა :)
LikeLike
მიხარია, რომ შევთანხმდით ))) და, რაღა თქმა უნდა, ისიც ძალიან მახარებს, რომ ნაწარმოები, რომელიც პირველი პოსტის თემად შევარჩიე, მარტო ჩემთვის არ ყოფილა საინტერესო ))) იმედს ვიტოვებ, კიდევ მოიძებნება ჩემს ინტერესთა შორის ამგვარი თემა – როგორც კი თავისუფალ დროს მოვიხელთებ, სიამოვნებით გაგიზიარებთ )))
დიდი მადლობა მოლის, მკითხველთან შეხვედრის სიამოვნება რომ განმაცდევინა; დიდი მადლობა თქვენ, დრო რომ არ დაინანეთ წასაკითხად და კომენტარის დასატოვებლად.
LikeLike
კარგი დებიუტია კარგ ადგილას :) ჩემდა სამარცხვინოდ, არც წიგნი წამიკითხავს და არც ფილმი მინახავს, არადა, რამდენი ხანია, ვაპირებ. ამ პოსტის მერე დიდხანს აღარ გადავდებ :)
LikeLike
დიდი მადლობა ))) ეს ყავისარომატიანი ბლოგი, ცხადია, ჩემი დებიუტისგან დამოუკიდებლად, ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად დარჩება ქართულ ბლოგოსფეროში, მაგრამ თუ არ იტყვიან, ეჰ, რა ადგილი მოაცდინაო მოლიმ, ჩავთვლი, რომ რისკის გაწევა ღირდა )))
…როცა წაიკითხავთ და ნახავთ, წუთით შემოირბინეთ და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ, კარგი?
LikeLike
მშვენიერი წიგნია და ფილმიც ნამდვილად საუკეთესო.
LikeLike
შემიყვარდა ფილმი ჯერ და მერე წიგნიც
LikeLike
ვკითხულობ პოსტს და მეთქი ეს მოლი არ არის :) კომენტარებით მივხვდი რომ მოლი არ იყო :)
უნდა ურჩიო, აუცილებლად ყველას უნდა ურჩიო, მინიმუმ ეს ფილმი ნახონ :)
LikeLike
ვურჩევ :))) ამ პოსტიდან თუ არ ჩანს, რომ მასთ-რიდ საკითხავად (და მასთ-სი სანახავად) მიმაჩნია, აღარ ყოფილა საშველი :)))
გმადლობ, გამიხარდა კიდევ ერთი თანამოაზრე :*
LikeLike
ავტორს ვულოცავ დებიუტს და უკვე ”ავედევნე” კიდევაც. პოსტი ცალსახად კარგია! წიგნს რაც შეეხება, არ წამიკიხავს, თუმცა ეკრანიზაციამ ფრიად კმაყოფილი დამტოვა, ამიტომ შემიძლია წარმოვიდგინო რა სიამოვნება ი :)
LikeLike
იქნება წაკითხვა თქო :) მომიტევეთ, ხელი მომიხვდა დაპოსტვას..
LikeLike
დიდი მადლობა, კეთილად გვევლოს :))
ეკრანიზაცია მართლაც დიდებულია, მაგრამ წიგნი – კიდევ უკეთესი. ამის თაობაზე ზემოთაც ვთქვი და აღარ გავიმეორებ. და ბონუსი – ნიკა სამუშიას შესანიშნავი ნამუშევარი. ვისაც მისი სხვა თარგმანები ჩავარდნია ხელში, მისთვის, ვფიქრობ, მხოლოდ ნიკას სახელიც კი იკმარებდა ინტერესის გასაღვივებლად.
LikeLike
კი ნამდვილად ასეა და აუცილებლად დავიკმაყოფილებ ინტერესს :)
LikeLike
ar maqvs nanaxi filmi ))))))) jer wignis kitxva davasrule da mere unda vuyuro ♥ amdeni xani tyuilad ki ar vitmine , vicodi ade tu gvian targmnidnen ♥
LikeLike
მე ჯერ ფილმი ვნახე ))) თუმცა ამას ხელი ნამდვილად არ შეუშლია, წიგნისგანაც უდიდესი სიამოვნება მიმეღო. და არც ფილმის ნახვა მინანია, იმიტომ რომ მართლა შესანიშნავი ეკრანიზაციაა. ასე რომ, მისი პირველი ნახვის ბედნიერება წინ გაქვთ )))
LikeLike
ანგარიშიი ჩასაბარებლად მოვედი <3
თავის დროზე როცა ეს პოსტი დაიწერა ხმა არ გამიღია, რადგან კინგის არაფერი მქონდა წაკითხული.
ამ პოსტის წაკითხვის, "მწვანე გზა" ჯერ არა და "უიმედოთა ქალაქი" კი დავიწყე. ორმოცდაათიოდე გვერდი ამქვს ჯერ წაკითხული და უკვე ავტორზეც და წიგნზეც შეყვარებული ვარ <3
დიიიიიიიიიდი მადლობა ანისოპტერად , რომ კინგის წიგნების წაკითხვა დამაწყებინა :*
LikeLike
თაია, რომ იცოდე, როგორ გამახარე <3
LikeLike