Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ომი’

ამას წინათ, ფეისბუქზე, ჩვეულებისამებრ, ძველ წიგნებზე ვლაპარაკობდით. ჩემმა ძველმა და ერთგულმა სტუმარმა ნინიმ კომენტარებში კარლსონის და პეპის ყველაზე ცნობილი გამოცემის სურათი მოგვაშველა, ეს ჩემიაო, თან წიგნზე სანთლის ნაღვენთს ხომ ამჩნევ, ბევრის მთქმელიაო.

როგორ არ ვამჩნევ-მეთქი, შევიცხადე. ჩემი ძველი თაროები კარგად რომ გადაქექო, არა ერთ და ორ ნაღვენთიანს იპოვი. მეც იმ თაობის ვარ, სანთლის შუქზე კითხვა რომ მოუწია.

დღევანდელი ბავშვებისთვის რაღაცების ახსნა, ცოტა არ იყოს, რთულია. მადლობა ღმერთს, რომ რთულია და ვერ წარმოუდგენიათ. მთლად იმ გაცვეთილი ანეკდოტივით არ არის, შვილი  რომ ეკითხება დედას, ჩემხელას რომელი აიფონი გქონდაო, მაგრამ მაინც უჭირთ დაჯერება, შუქი, ოდესღაც, დღე-ღამეში ერთი საათით რომ მოდიოდა.

ბავშვობაში შუქის პრობლემა არ მახსოვს. ბათუმში შუქი იშვიათად ქრებოდა და თუ ქრებოდა, სადარდებელზე მეტად უცნაური და სახალისო ამბავი გვეგონა. დაფაცურდებოდნენ უფროსები, დარეკავდნენ სადღაც და სანამ ტელეფონით ავარიის მიზეზებს არკვევდნენ, ის უეცრად წასული შუქი მოდიოდა კიდეც.

უშუქობა რა იყო, მერე გავიგე, თინეიჯერობისას, ომგადატანილ, უპურო, უიმედო, ჩაბნელებულ და ჩაშავებულ თბილისში. იმდენი პრობლემა დაგვატყდა თავს, წიგნი ვის ახსოვდა. ისეთი დრო დადგა, წიგნებზე ფიქრი ჭირდა. პური და პურის ფული იყო საძებარი.

(more…)

Read Full Post »

anne frank
ჭკვიან კაცს უთქვამს – ომი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულიაო.

არ მგონია, თუნდაც ერთი ადამიანი დაეჭვდეს ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში.

წარმოუდგენელია, ვინმე არ ეთანხმებოდეს იმ აზრს, რომ ყოველი ომი და სისხლის ყოველი დაღვრილი წვეთი უკან გადადგმული გიგანტური ნაბიჯია.

ერთი ეგ არის, არასოდეს შემხვედრია წიგნი, რომელიც ამ კატასტროფის სიღრმეს ისე გვაგრძნობინებს, როგორც “ანა ფრანკის დღიური”.

არადა, აქ ერთ გასროლასაც არ შეურხევია ჰაერი… არც ბატალური ეპიზოდები ყოფილა, არც საჰაერო ბრძოლების ამსახველი სცენები, არც არაფერი მსგავსი…

უბრალოდ, წიგნის თითოეული ფურცელი შიშით არის გაჟღენთილი, ისევე, როგორც იმ პატარა გოგონას სხეულის ყველა უჯრედი, რომელიც ამ დღიურს წერდა.

(more…)

Read Full Post »

Gervasio Sanchez. Biblioteca de Sarajevo

არტურო პერეს-რევერტეს თითქმის სრული ბიბლიოგრაფია – რამდენიმე, განსაკუთრებით რთულად მოსახელთებელ რომანს თუ არ ჩავთვლით – ცალკე მაქვს მოქუჩებული და თვე ისე არ გავა, ხან ერთი არ ჩავაგდო ჩანთაში და ხან მეორე. რა ვქნა, ამოჩემებული წიგნების გადაკითხვა ახალი ლიტერატურული სასუსნავის დაგემოვნებაზე ნაკლებად არ მიყვარს.

ოღონდ, ფავორიტი რომელიაო, თუ მკითხავთ, უყოყმანოდ დაგისახელებთ იმ მომცრო ტომს, ორიოდე წლის წინ, რუსთაველზე, “ბიბლუსში”, სასაცილო ფასად რომ მივაგენი. მიკუნჭულიყო საწყლად, თავისთვის, სხვა, ღრმად უინტერესო გამოცემებს შორის და, ალბათ, მე მელოდებოდა.

“კომანჩების ტერიტორიაზე” გიყვებით.

(more…)

Read Full Post »

Afghan Girl. Steve McCurry. National Geographic Magazine. June, 1984

1984 წლის გაზაფხულის მიწურულს, “National Geographic”–ის კორესპონდენტი – სტივ მაკკარი პაკისტანში, ავღანელი ლტოლვილების ბანაკში მოხვდა.

კადრები, რომლებსაც ფოტოგრაფი გაწამებულ, ნაშიმშილებ, ახლობლების დაკარგვით შეძრულ ადამიანებს უღებდა, ისეთივე იყო, როგორიც სხვა, მსგავს თემაზე შექმნილი უამრავი სურათი და არაფრით გამოირჩეოდა. ყოველ შემთხვევაში, თავად მაკკარი ასე თვლიდა – მისი მიზანი იყო, ჟურნალის მკითხველებისათვის დელიკატურად მიეწოდებინა შეერთებული შტატების პოლიტიკური თვალსაზრისი – საბჭოთა კავშირი უსამართლო, დამპყრობლურ ომს აწარმოებდა ავღანეთში და ამის გამო ათასობით უდანაშაულო ადამიანი ღია ცის ქვეშ რჩებოდა, სამშობლოს, ოჯახის და თავშესაფრის გარეშე.

რას იფიქრებდა ამერიკელი კორესპონდენტი, რომ ნაზირ–ბაგჰის ბანაკში, დევნილი პატარებისთვის გახსნილ სკოლაში პუშტუნი გოგონა ელოდა, ძონძებში გამოხვეული, ჭუჭყიანი სახით და გასაოცარი, უძირო მწვანე თვალებით… გოგონა, რომელის გამოსახულება სულ ცოტა ხანში მსოფლიოს მოივლიდა და ავღანელთა გამათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცეოდა.

(more…)

Read Full Post »