ერთი ქალის დაბადების დღე იყო სულ ახლახანს, 15 თებერვალს. დიდი ხნის წინ დაიბადა აქედან ძალიან შორს, ნორვეგიაში, ჩრდილოეთის ციალის სიახლოვეს. ერთხელაც კალამი რომ არ აეღო ხელში და მაგიდას არ მისჯდომოდა, ვერასოდეს ვერაფერს გავიგებდით მის შესახებ. დარჩებოდა ჩემი ბავშვობა მარენის, მარტინის, მარტას, მადსის, მონას, მილის, მინასა და წრიპა მორტენის გარეშე; ვერ მოვხვდებოდი ოსლოს გარეუბნის პაწაწინა სახლში, სადაც უჩემოდაც გვარიანი სივიწროვე იყო, მაგრამ მაინც წიგნის გმირებმა ხელგაშლილებმა მიმიღეს, გამათბეს, დამაპურეს და სამუდამოდ დამტოვეს თავისთან.
მერე, შუაგულ ტყეში რომ გადავიდნენ საცხოვრებლად, ჭრიჭინა და ფარღალალა, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე თბილ სახლში, ტირილტოპენის მახლობლად, იქაც წამიყვანეს, გამოძებნეს ჩემთვის ადგილი და დამაბინავეს.
მოკლედ, გავხდი მათი ოჯახის წევრი და ერთხელაც არ შემიმჩნევია, მეცხრე ბავშვის დამატებით ოდნავ მაინც შეწუხებულიყვნენ. არადა, მეც ვცელქობდი დანარჩენებივით, მორტენთან და დიდედასთან ერთად ქარბუქშიც დავიკარგე, მაგრამ საყვედური არ უთქვამთ. საოცარი ხალხი იყო. გამზარდეს, მიპატრონეს, სითბოსი და სიყვარულის დაუვიწყარი გაკვეთილი ჩამიტარეს, მერე, ძალიან რომ გავიზარდე და წიგნის ფურცლებზე ვეღარ დავეტიე, გულაჩუყებულებმა გამომაცილეს, იდგნენ, ხელს მიქნევდნენ და არ დაგვივიწყოო, მომძახოდნენ.
არც დამვიწყებია. დროდადრო, დიდი და სერიოზული წიგნების ფურცლებიდან ისევ მათკენ გავრბოდი უძღები შვილივით და ჩემი წილი სითბო და სინათლე ისევ იქ მხვდებოდა უკლებლივ, ხელუხლებელი. მისხალიც კი არასოდეს მოჰკლებია.
პირველად რომ მოვხვდი მათთან, არც კი ვიცოდი, რომ სადღაც, ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქით, ერთი პატარა, თვალციმციმა ქალი იჯდა და წერდა ამ საოცარ ოჯახზე, მამარაგებდა ულევი ენერგიით და სიკეთის რწმენით, მასწავლიდა პატარ-პატარა, მარტივი ბედნიერებებით ტკბობის ხელოვნებას და მეც, მისი წყალობით, უკეთესი ადამიანი ვხდებოდი, ვიდრე შეიძლებოდა, ვყოფილიყავი.
ჰოდა, ამ ქალის დაბადების დღე იყო გასულ ოთხშაბათს, 98 წლის გახდა, ხუმრობა არ გეგონოთ. რა გული მომითმენდა, ორიოდე სიტყვა არ მეთქვა ანე-კატარინე ვესტლიზე, ნორვეგიელ კეთილ ჯადოქარზე, ბავშვობა ასე რომ გამითბო და გამილამაზა.
ალალი იყოს მასზე წმინდა ოლაფის ორდენი, რომელსაც ნორვეგიელები მხოლოდ კაცობრიობის წინაშე დამსახურებისთვის იმეტებენ.
ალალი იყოს ჩემი და დედამიწის ზურგზე მიმოფანტული მილიონობით ბავშვის სიყვარული.
მადლობა ზღაპრად ქცეული ბავშვობისთვის, ფრუ ანე-კატარინე!
ჩრდილოეთში განსაკუთრებით კეთილი ჯადოქრები ცხოვრობენ <3
LikeLiked by 1 person
ზღაპრების მხარეა სკანდინავია <3
LikeLike
როგორ ძალიან მიყვარს
LikeLike
უჰ, ართქვა <3
LikeLike