არა, რიდერებს არაფერი მოსვლია. “გრეისი” ახალ წლამდე მეგობარს სტუმრობს, საპრიზო DX კი, გაბარიტების გამო, თან არ დამაქვს და, ძირითადად, ელექტრონული არქივის ფუნქციებს ასრულებს. ჰოდა, მეტი რა დამრჩენია – თავს ძველი, ტრადიციული მეთოდებით ვშველი.
სიმართლე გითხრათ, საკითხავი ჯერ არ მომკლებია. ჟურნალები გადმოვქექე, დავახარისხე და ნება-ნება ვაგემოვნებ. რა ვქნა, ლიტერატურული ნუგბარი იმდენია, ყველაზე ნაკლებად მათთვის ვიცლი ხოლმე. არადა, მიყვარს, ეს ოხერი, ბავშვობისდროინდელი ჩვევაა, “დილას” და “პიონერის” წყალობით აქამდე რომ გამომყვა.
მართალი უთქვამთ – ზოგი ჭირი მარგებელიაო. ბიბლიოთეკას გადავხედე, რამდენიმე ახალი წიგნი გადმოვდე, ძველებიც მოვინიშნე გადასაკითხად, ფავორიტი გამომცემლობების ვებ-გვერდებს დღეში რამდენჯერმე ვსტუმრობ – დაპირებული სიახლეები ერთი-ორად მეჩქარება.
მოკლედ, “უქინდლობას” გმირულად ვუძლებ, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, უცნაური დისკომფორტის შეგრძნება არ მტოვებს. ასე მგონია, დილაობით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის, აუცილებელის და საჭიროს გარეშე გამოვდივარ შინიდან.















