იაფი წიგნების ეპიდემიამ, ორიოდე წლის წინ რომ დაგვატყდა თავს, შედეგად ის მოიტანა, რომ დღეს უკვე გაზეთი და ჟურნალი არ გამოდის, თან რომელიმე სერიის რომელიმე ტომი არ მოჰყვებოდეს. “ბიბლიოცუნამის” ავ-კარგზე, ხარისხზე ან, თუნდაც, საავტორო უფლებების დაცვაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ – გამომცემლების სინდისზე იყოს… თუმცა, ისიც კია – ამ ერთფეროვან და, ჩემი მოკრძალებული აზრით, ფრიად უგემოვნოდ შერჩეულ მასაში ზოგჯერ ისეთ ხარისხიან საკითხავს გადაეყრები, სასიამოვნოდ გაგაოცებს.
“ლიტერატურულ პალიტრას” მკითხველი კარგად იცნობს – პროზასაც ბეჭდავს და პოეზიასაც, თანამედროვე ქართველ მწერლებსაც უთმობს ფურცლებს და არც აქტუალურ თარგმანებს ივიწყებს – ერთი სიტყვით, კლასიკური ჟურნალია. ჰოდა, შარშან რომ გავიგე, “ახალი ქართული ლიტერატურის” სერია იგეგმებაო, დავინტერესდი. არ ჩანდა ურიგო ჩანაფიქრი.















