მართალია, ერთხელ უკვე გიამბეთ იმ გოგოზე, იუნიბაკენში რომ ცხოვრობს და თითით საჩვენებელი ახტაჯანა გახლავთ, მაგრამ თუ გეგონათ, რომ მისი ფათერაკები ამით დამთავრდა, ძალიანაც შემცდარხართ. ან რანაირად უნდა დასრულდეს, როცა ათასი საფიქრალი და საზრუნავი აქვს ამ პატარა გოგოს?! გეგმების დაწყობა, იცოცხლე, ეხერხება, მაგრამ უცბად ისე აირ-დაირევა ხოლმე ყველაფერი, სულ თავდაყირა დადგება და აღარ იცის მადიკენმა, რა ქნას.
აბა, კოცონზე რომ მიდიოდა, არ უნდა ჩაეცვა ახალი სანდლები? მართალია, დედამ უთხრა, არაო, მაგრამ იქ ხომ აბე ნილსონიც აპირებდა მისვლას? ჰოდა, რა სანახავი იქნებოდა მადიკენი წითელი მომსასხამით, მწვანე აბრეშუმის ქუდითა და ძველი ფეხსაცმელებით?! საიდან უნდა სცოდნოდა მადიკენს, რომ ის აუტანელი ტილიანი მია ცალი სანდლის ამარას დატოვებდა? უფროსები ხომ ვერასოდეს მიხვდებიან, რა თავზარი დაეცა პატარა გოგოს იმ საღამოს.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რაც მადიკენმა დეიდა ნილსონის გამო ინერვიულა – როგორია, როცა იცი, რომ ადამიანმა საკუთარი სხეული სამედიცინო გამოკვლევებისთვის გაყიდა? მართალია, სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მაინც – ისე გამოდიოდა, რომ საწყალ ქალს წესიერი დაკრძალვა არ უნდა ღირსებოდა. ჰოდა, მადიკენი რისი მადიკენი იქნებოდა, ამისთანა ამბისთვის გულგრილად ეყურებინა.
ის კი იყო, მოახერხა და ექიმი ბერგლუნდისგან დეიდა ნილსონის სხეული გამოისყიდა, რომ ახალი თავსატეხი გაუჩნდა – ვიქტორის, ელოფისა და აქსელის თვალწინ უნდა დაემტკიცებინა, რომ ჩხუბისთავ მიაზე ნაკლებ მამაცი არ იყო და სკოლის სახურავზე გავლა შეეძლო. თქმა ადვილია, დამტკიცება კი – მეორე. რისი გადატანა მოუხდა იმ დღეს პატარა მადიკენს, ვინ იცის, მაგრამ ნათქვამ სიტყვას უკან ხომ ვერ წაიღებდა.
ამ ამბების მერე ვინმეს რომ ეთქვა, ოდესმე მიას სიბრალულით გული ისე დაგეწვება, ყელში ლუკმა არ გადაგივაო, მადიკენი ალბათ, სიცილით მოკვდებოდა, მაგრამ რას გაუგებ ამ ცხოვრებას, მითუმეტეს, ასეთ ნორჩ ასაკში. მარტო იმ გოგოსთან კი არ დაგამეგობრებს, მოსისხლე მტრად რომ მიგაჩნია, მისი ცეცხლისფერი თმიდან ორიოდე ბღუჯა ტილსაც გადმოგისხამს და ისხედით მერე საქანელებზე ერთად, წამლით გაჟღენთილები და არაბი ქალებივით თავწაკრულები. ვერაფერს იტყვი, ჩინებული სანახაობა იქნება.
ყველაფერი, ყველაფერი და კინაღამ აბე გამოეცალა ხელიდან – ქერათმიანი, ცისფერთვალება რაინდი აბე, ზომაზე დიდი ქურთუკით, დაკერებული შარვლითა და ამქვეყნად ყველაზე მომაჯადოვებელი ღიმილით. ლამის იყო, პატარა გული გაუსკდა მადიკენს. იქით აბე ებრძოდა სიკვდილს, აქეთ – ძია ნილსონი იმუქრებოდა, ჩემს შვილს რამე თუ დაემართა, თავს ჩამოვიხრჩობო.
ამდენი განსაცდელი მერე ალალი და უსაყვედურო იყო იუნიბაკენელი ახტაჯანასთვის ნანატრი საშობაო საჩუქარი – ძამიკომ, რომელსაც ამდენ ხანს ელოდნენ, მაინცდამაინც შობას მოინდომა დაბადება. თანაც, ჰოი, საოცრებავ და დაიკო გამოდგა – გრძელი შავი თმითა და ცისფერი თვალებით. ჰოდა, დიდ წითელ სახლში ცხოვრება უფრო მხიარული გახდა, ბებია ასტრიდის თაროს კი სითბო და სინათლე შეემატა ახალი თარგმანით, “მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ რომ ჰქვია.
ერთხელ კი არა, ათასჯერ რომ წავიკითხო იუნიბაკენის ამბები, არ მომბეზრდება <3 ^_^
LikeLike
უჰ, რაის მობეზრება ^^
LikeLike