ალბათ, დამეთანხმებით, რომ წიგნის ფესტივალი ყველა ჭეშმარიტი ბიბლიოფილისათვის ნამდვილი ფეიერვერკია. ბუნებრივია, გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ. მოგეხსენებათ, მოლი ბლუმი თბილისის წიგნის მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალის ექსკლუზიური მიმომხილველი გახლდათ და ეს გვერდიც წინასაფესტივალო პოსტებს და საგამოფენო პავილიონიდან მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟებს ეძღვნება.
წლევანდელ ფესტივალს, გასაგები მიზეზების გამო, მკითხველი და მნახველი რომ დაკლებოდა, ალბათ, არც არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ არა, სამუშაო დღის კვალობაზე ხუთშაბათსაც ხალხმრავლობა იყო, პარასკევსაც, არც შაბათის წვიმას შეუშინებია დიდად ხალხი და დღეს ისე გადაჭედილი დამხვდა მეექვსე პავილიონიც და მეთერთმეტეც, გზა ძლივს გავიკვლიე. მოკლედ, გუშინდელ წვიმას ვინც მოერიდა, ყველამ დღეს იხელთა დრო.
საგანგებოდ მომარჯვებული, წუთებში გაწერილი განრიგი და გეგმა ნამდვილად არ მქონია. ფესტივალს სტუმრებიც მრავლად ჰყავდა და პრეზენტაციებიც ერთმანეთს ენაცვლებოდა, მაგრამ მიყოლებით ყველას და ყველაფრის მოსმენა აზრადაც არ მომსვლია. ასეთი კამიკაძე და თავდადებულიც ვერ ვარ. და, საერთოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი ფუფუნება და ბედნიერება ბევრი თავისუფალი დროა. როცა გინდა, მიდიხარ, რასაც გინდა, უსმენ, სადაც გინდა, დაბოდიალობ, არსად ყოფნა არ გევალება, არავის არ აწუხებ, არავინ არ გაწუხებს.
რას ვაპირებთ წიგნის ფესტივალზე
ბიბლიოივენთს პირველად ჰყავს ფოკუს ქვეყანა – გერმანია. წესით, ეს ბევრ გერმანულ თარგმანს, თემატურ პრეზენტაციას, მასტერკლასსა და ლექციას უნდა ნიშნავდეს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გვესტუმრება საკუთარი სტენდით. გოეთესა და შილერის ენის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ალბომების, გრაფიკულ პროზის და “პატარა პრინცებისთვის” თავანკარა გერმანული არც მჭირდება.
წიგნის ფესტივალს “ექსპო ჯორჯიას” ორი პავილიონი უმასპინძლებს – მეექვსე და მეთერთმეტე. თან, მეექვსეში მხოლოდ საბავშვო ლიტერატურას გამოფენენ. მშვენიერი შანსი გვაქვს, დაახლოებით მაინც გავიგოთ. რა გველოდება, თუ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გარისკავს და ნოემბრის წიგნის დღეების უფერულ ასლად ქცეულ დეკემბრის საახალწლო ბაზრობას საბავშვო წიგნის ფესტივალით ჩაანაცვლებს.
შაბათს, წიგნის საახალწლო ფესტივალზე
მეშვიდე წელია, ბლოგერი მქვია და წიგნებზე ვწერ. არც ერთი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ღონისძიება არ გამომიტოვებია. ძალიან კარგად ვხვდები, რომ წიგნის ფესტივალი ჩვენთვის, მკითხველებისთვის, გართობა და ზეიმი თუა, ორგანიზატორებისთვის მძიმე შრომაა, ადამიანური გრაფიკის, რეჟიმისა და დასვენების გარეშე. ფესტივალის ჩატარება, მითუმეტეს ამ ძაღლუმადურ ყოფაში, იმდენად მნიშვნელოვანი და საშური საქმეა, ას და ათას ტექნიკურ ხარვეზს გადაწონის.
ხარვეზების გამადიდებელი შუშით ძებნას, გაბუქებას და ვაივიშს არც ახლა ვაპირებ. ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ. დეკემბრის საახალწლო ფესტივალს, მოგეხსენებათ, ნოემბრის წიგნის დღეები უსწრებს. თვენახევარში ორი, პრაქტიკულად იდენტური ღონისძიების ჩატარებას რისკებიც ახლავს. სტუმრების დათვლა არ მიცდია, ციფრები ორგანიზატორებს ეცოდინებათ (თუმცა, სიხალვათე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა), მონაწილეები, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები წლიდან წლამდე მაკლდება სათვალავში. მათთან ერთად კი მყიდველიც და დამთვალიერებელიც.
წიგნის საახალწლო ფესტივალი თვალის ერთი გადავლებით
დეკემბრის დასაწყისში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას წინასაახალწლო გასეირნება ჰქონდა ბათუმში. გადასარევზე გადასარევი, მაგრამ აჯობებდა, სხვებსაც აებათ მხარი. ფესტივალები, წიგნის დღეები, ბიბლიოთუხთუხი და რიარია დედაქალაქს უნდა გასცდეს. თბილისში ვართ და ყოველთვის ჩვენ ვერ ვახერხებთ ექსპოში და საჯაროში გაბოდიალებას. წარმოიდგინეთ, რა სანახავია, ფესტივალს ქუთაისიდან და ახალციხიდან რომ უყურებ, ვერ ჩამოდიხარ და გულზე სკდები. მოკლედ, რაც მეტი ბათუმი, თელავი და ზუგდიდი დაიგეგმება, მით უკეთესი.
სანამ თამადას ავირჩევდეთ კი არა და წიგნებზე გადავიდოდეთ, ერთი მოკლე საზეპიროც გადავიმეოროთ. არა, გასაგებია, რომ გამეორების გარეშეც გადასარევად იცით, მაგრამ ფეისბუქს რომ ჩამოყვეთ და კომენტარებს გადახედოთ, მთლად ოპტიმისტური დასკვნების გამოტანა აშკარად გაგიჭირდებათ.
რა ხდებოდა თბილისის წიგნის დღეებზე
თბილისის წიგნის დღეები, მოგეხსენებათ, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ეგიდით არ ტარდება, კერძო ღონისძიებაა და შესვლაც ფასიანია. ეს, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნაური წესი, აღშფოთებული კომენტარების და უკბილო ხუმრობების თემაა, ფულის დახარჯვა ისედაც გვიწევს, ბილეთების გაყიდვა ვინ მოიფიქრაო.
ჰოდა, წელს, სექტემბერში, წიგნის დღეების ფეისბუქის გვერდზე ძალიან მარტივი სარეგისტრაციო ფორმა გამოაქვეყნეს. რამდენიმე წკაპით დარეგისტრირდით, ელფოსტით კოდს გამოგიგზავნით და ჩვენს ივენთს უფასოდ დაესწრებითო. ცხადია, წამიც არ დამიხანებია. იმდენად ორი ლარის ხათრით არა (თუმცა, კაცმა რომ თქვას, ოთხი დღის ბილეთი ერთი წიგნის ფასია), უბრალოდ, მაინტერესებდა, სიახლე როგორ იმუშავებდა.
თბილისის წიგნის დღეების სახელდახელო ნავიგატორი
შემოდგომის მთავარ ბიბლიოღონისძიებას 39 მონაწილე ჰყავს – გამომცემლობები, წიგნების მაღაზიები, სოციალური საწარმოები, სათამაშოების მაღაზიები, ჟურნალები, არტ-მაღაზიები. რეკორდული რიცხვია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ არჩევანი გვექნება. კატალოგებს, ცოტა არ იყოს, შეაგვიანდა, ბოლო დღეებში დაიდო, მაგრამ რაც მინდოდა, ისედაც ვიცოდი და სახელდახელო ნავიგატორის შედგენაც არ გამჭირვებია.
ჰოდა, ჩემო კარგებო, გრძელ და მოსაწყენ შესავალს გვერდი ვუქციოთ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მე ჩემს არჩევანს გაგიზარებთ, თქვენ თქვენი მომიყევით და სოფელიც აშენდება
არ ვიცი, მომეჩვენა თუ არა, მონაწილეებიც მეცოტავა და რამდენიმე ჟურნალი და მსხვილი მაღაზიაც მოვისაკლისე (არადა, მარგალიტები, როგორც წესი, ზუსტადაც რომ მაღაზიებში მოიპოვება). სხვა მხრივ, ყველაფერი ძველებურად იყო – მკითხველი და მყიდველი შედი-გამოდიოდა, კონსულტანტები დაუზარებლად ფუსფუსებდნენ, ერთ პრეზენტაციას მეორე მოსდევდა, ჰედლაინერ გამომცემლობებს რიგები ედგათ და ამ რიგებზე მოვისმინე ყოვლად საოცარი შეფასება ერთი უკაცრიელი, ღვთისა და მკითხველისგან მიტოვებული სტენდიდან – გათახსირებულ წიგნებს ყიდიან და ხალხიც იმიტომ ესევა ბუზებივითო.
ჩემო კარგებო და ძვირფასებო, “არაგათახსირებული წიგნების” გამომცემლებო, კილომეტრიანი რიგები, გამიშვი-გამატარე, წეწვა-გლეჯა და ტაციაობა მთელი წლის (უფრო სწორად – წლების) შრომისა და მკითხველთან მუდმივი კონტაქტის შედეგია. თქვენც ნუ დაიზარებთ, გაიხედ-გამოიხედეთ, ტრენდებს გადახედეთ, ხარისხიანი პროდუქტის შექმნის, შეფუთვისა და მიწოდების ხერხებს დააკვირდით, მკითხველებს დაელაპარაკეთ, მათი აზრები და სურვილებიც გაიგეთ, სოციალური მედიის მენეჯერად მაინცდამაინც იმ თანამშრომელს ნუ დანიშნავთ, მარხვის დროს ფეისბუქს რომ არ რთავს, ცოდვააო, კარგი წიგნი დაბეჭდეთ და რიგები თქვენც დაგიდგებათ.
საფესტივალო ლოკაცია, ტრადიციულად, წელსაც გამოფენაა – “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონი. ჩემი ფავორიტი ლოკაცია, სხვათა შორის. წიგნის ფესტივალს სივრცე და
სინათლე უხდება. ალბათ, ისევ დაგვცხება. ესეც ერთგვარი ტრადიციაა :) იმედია, მთლად არ გაგვწირავენ და შუა წერეთელზე ფინურ საუნას არ მოგვიწყობენ. ისიც მაიმედებს, რომ წლევანდელი მაისი სადღაც შუა გზაშია დაკარგული და მაისის ფუნქციებს ჭირვეული მარტი ითავსებს.
სიცხე, ზაფრა, სტენდებს შორის ბოდიალი და საგანგებოდ მომარჯვებული სიიდან ნაყიდი წიგნების ამოშლა ხუთშაბათიდან დაიწყება, მანამდე კატალოგებს ველოდებით. ვიღაცებმა უკვე დადეს, ვიღაცები უკანასკნელ დეტალებს აზუსტებენ. ბუტერბროდის კანონია, სამი თვით ადრე რომ დაიწყო მზადება, რაღაცების კეთება მაინც ბოლო წუთს მოგიწევს, ფაცხაფუცხით, გულის ფრიალითა და ხელების კანკალით.
ერთი დღე წიგნის საახალწლო ფესტივალზე
ეროვნული ბიბლიოთეკის სტუმართმოყვარე დარბაზმა სტენდებიც დაიტია, ნაძვის ხეც, სანტა კლაუსიც, სცენაც და მკითხველ-მყიდველებიც, მაგრამ სივიწროვე მაინც იგრძნობოდა. გარდერობი დახურული დაგვხვდა, ცხელოდა და, ვეებერთელა ფანჯრების მიუხედავად, მზის შუქიც გვეცოტავა. მოკლედ, ერთხელ ჩამოვუარეთ და მეორე წრეზე წასვლის სურვილი არ გაგვჩენია.
წლის ბოლო ბიბლიოივენთში სულ ოცდაოთხი გამომცემლობა და წიგნის გამავრცელებელი მონაწილეობდა (მაისის წიგნის ფესტივალზე, შედარებისთვის, სამოცამდე მონაწილე იყო დარეგისტრირებული). ცხადია, არჩევანიც შედარებით ნაკლები გვქონდა. რა გვინდოდა და სად უნდა მოგვეძებნა, წინასწარ ვიცოდით და დიდხანს ბოდიალი არც დაგვჭირვებია
წიგნის საახალწლო ფესტივალი. პროგრამამინიმუმი
წლევანდელი ფესტივალისთვის, ტრადიციული სამი ლოკაციიდან, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე ნაკლებ შესაფერია შერჩეული. ეროვნულ
ბიბლიოთეკაზე აუგს რა მათქმევინებს, მთელი სტუდენტობა საჯაროში მაქვს გატარებული, აკადემიური დარბაზები ბევრი ბიბლიოივენთისთვის იდეალური იქნებოდა, მაგრამ ხალხმრავალი ფესტივალისთვის – ნაკლებად. სივრცე აკლია. ყოველი შემთხვევისათვის, შარშან ნამდვილად აკლდა. მეორე მხრივ, წლევანდელი პროგრამა შარშანდელზე ბევრად მასშტაბურია. მთავარი სცენის სპეციალური განრიგი, საჯარო ლექციები ვაზისა და ღვინის დარბაზში, საბავშვო კუთხე, შოუ-ვიქტორინა თოვლის ბაბუასა და ფიფქიასთან ერთად, საბალეტო სტუდიის საახალწლო პროგრამა… ორგანიზატორებმა აშკარად ჩვენზე მეტი იციან. ვნახოთ.
ზამთრის ფესტივალი, ტრადიციულად, სამდღიანია. პარასკევს იწყება, კვირას სრულდება. პარასკევს, თან წლის მიწურულს, სამსახურიდან გასხლტომა, სულ მცირე, გაჭირდება. მე კი ვარ შვებულებაში და ვტკბები ნეტარი უსაქმურობით, მაგრამ სხვები მუშაობენ. რა გაეწყობა. წიგნის ფესტივალის დღეები უქმედ ჯერ არ გამოუცხადებიათ. თან, ჩემი გამოცდილებით, ორი დღეც სრულიად საკმარისია.
ყბები, შუბი და მაკნატუნა: თბილისის წიგნის დღეები
შემოდგომის მთავარი ბიბლიოივენთი, ტრადიციისამებრ, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში ჩატარდა. ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზების და “თბილისი მოლის” კაფეების მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, “ექსპო” ოპტიმალური ლოკაცია მგონია. ჩემთვის, ცოტა არ იყოს, ძნელი მისადგომია და გაუსაძლისად ცხელა ხოლმე (წელს არ ცხელოდა, საოცრებას მოვესწარი, ღმერთმანი), მაგრამ, დემოკრატიის არ იყოს, უკეთესს ჯერ ვერ მივაგენით.
შესვლა წელსაც ფასიანი იყო. ათასჯერ ვთქვი და ერთხელაც გავიმეორებ – დიდი იმედი მაქვს, ოდესმე ისეთი წიგნის ფესტივალიც მეღირსება, ორლარიანი ბილეთების ნაცვლად ოთხდღიანი აბონემენტები რომ გაიყიდება – საფესტივალო სივრცემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლებით, უფასო ყავით და სენდვიჩებით, ექსკლუზიური დისქაუნთით, დახურულ პრეზენტაციებზე წვდომით, სხვა წვრილ-წვრილი და სასიამოვნო ბონუსებით. ჯერჯერობით, მსგავსი არაფერია (არც უახლოეს მომავალს უჩანს საიმედო პირი). “ექსპოს” ადმინისტრაცია, უბრალოდ, ბილეთებს ყიდის. რა გაეწყობა. თუ წიგნის დღეები ჩემი ორი ლარის გარეშე ვერ ტარდება, ღმერთმა შეარგოთ და სიკეთეში მოახმაროთ.
წიგნის საახალწლო ფესტივალის კვალდაკვალ
წლევანდელი საახალწლო ფესტივალის სამივე დღე წინასწარ მქონდა დაგეგმილი. ვინ გაცალა… სამ დღეს ვინ ჩივის, იმას ვფიქრობდი, ვინმე მადლიანი შემეხიდოს და გამეგზავნოს, მთლად უწიგნოდ არ დავრჩე-მეთქი. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში შერბენა მაინც მოვახერხე, რაღაცებიც წამოვიყოლე და შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებთ.
სტუდენტობა საჯაროს პირველ კორპუსში მაქვს გატარებული, იქაურობა ტკბილად მახსოვს და აუგი როგორ დამცდება, მაგრამ ალალად გეტყვით, საახალწლო აურზაურს და რიარიას მეტი სივრცე, მუსიკა, ნაძვის ხე და მხიარული ფერები მოუხდებოდა.
წიგნის საახალწლო ფესტივალი – სახელდახელო გზამკვლევი
წელს მეორედ ტარდება. შარშან, თუ გახსოვთ, თბილისი მოლში დავიარებოდით. სხვების ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თქვენი მონა-მორჩილი ახალშეძენილი წიგნების ყველა პარტიას აჭარული ხაჭაპურით აღნიშნავდა იქვე, კაფეში. ურიგო იყო-მეთქი, ცოდვას ვერ დავიდებ, მაგრამ წიგნის ბაზრობას სხვანაირად მოწყობილი, მყუდრო და კომფორტული სივრცე უხდება. ამჯერად საჯარო გვიმასპინძლებს. ეროვნული ბიბლიოთეკა, მესამე კორპუსი, მეორე სართული. საგამოფენო დარბაზი.
წიგნის ფესტივალისთვის ოთხი დღე მეცოტავება. გამორიცხულია, რამე არ გამომრჩეს, შინ დაბრუნებულს არ გამახსენდეს და გული არ დამწყდეს, ნეტავ მეყიდა-მეთქი. საახალწლო ამბავი საერთოდაც სამდღიანია. პარასკევს იწყება, კვირას დასრულდება. პარასკევს ვმუშაობ, სამსახურიდან გასხლტომას ან შევძლებ, ან ვერა. ჰოდა, რამე თუ არ მოვიფიქრე, წუწუნი და გულისწყვეტა მერე ნახეთ, ოცდაშვიდში.
თბილისის წიგნის დღეები – ოთხდღიანი მარათონი
წიგნის ფესტივალი, გეცოდინებათ, ისეთი ამბავია, წინასწარ უნდა მოემზადო, საკბილო შეათვალიერო, ბიუჯეტი გადაამოწმო, განწყობა შეიქმნა, შვებულება აიღო და დილიდან საღამომდე სტენდებს შორის იბოდიალო ზურგჩანთამოკიდებულმა – არც სადმე უნდა გეჩქარებოდეს, არც სხვა საქმე გაფიქრებდეს.
ოქროს წესია, ღმერთმანი, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. სამსახურს შვებულებაზე და უქმად ყიალზე ოდნავ, სულ ოდნავ განსხვავებული აზრი აქვს – ჯერ საქმე, მერე დასვენება, შრომამ შექმნა ადამიანიო.
თბილისის წიგნის დღეები – საფესტივალო გეგმა
გამომცემლობებმა კატალოგები უკვე გამოაქვეყნეს. დარწმუნებული ვარ, კიდით კიდემდე შეისწავლიდით და საკბილოსაც მოინიშნავდით, მე კი მოლის საფესტივალო რუკას გაგიზიარებთ. მე ჩემსას გეტყვით, თქვენ – თქვენსას და სოფელიც აშენდება.
ასე გამოდის, რომ ნოემბერ-დეკემბრის წიგნის დღეები და საახალწლო ბიბლიოივენთები ფასდაკლებებზეა ორიენტირებული. ისე არ გამიგოთ, თითქოს ახალი გამოცემები არ იქნება. არანაირად. აბა, პოსტს რისთვის ვწერ… უბრალოდ, სიახლეები მაისში მეტია ხოლმე. დისქაუნთზე და პროცენტებზე კატალოგებში უკეთ წერია, მე ახალ წიგნებზე მოგიყვებით. მაისში უფრო მეტია-მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ ახლაც იმდენია, ერთ თავმოყვარე თაროს შეავსებს.
თბილისის წიგნის ფესტივალი: კარგად ნაცნობი ძველები და ორიოდე ახალიც
ფესტივალს ოთხდღიანი კი ერქვა, მაგრამ ამ ოთხი დღიდან ორი სამუშაო იყო. სამსახურიდან გასხლტომაზე არც მიოცნებია – სინდისი მეყო. ჰოდა, ვიჯექი ჩემს სამუშაო მაგიდასთან, გაავებული და მთელს ქვეყნიერებაზე გაბრაზებული და მეგობრების საფესტივალო ამბებს ვკითხულობდი.
კეთილ ადამიანებს რა დალევს ამქვეყნად და ხუთშაბათ-პარასკევს მთლად უწიგნოდაც არ დავრჩენილვარ. ირმამ ოჩობუქსის ყოვლად გადასარევი, თან სატარებელი წიგნები წამომიღო და კანდინსკის ფანტასტიკური ალბომი გამოაყოლა საჩუქრად; თამთამ მორიგი “პატარა პრინცი” მაჩუქა ჩემი კოლექციისთვის; პარასკევს დედამ და მამამ გაისეირნეს გამოფენაზე და სავსე ჩანთები მომიტანეს. ცოტა არ იყოს, ცხელოდაო, შემომჩივლეს. გემრიელად გამეცინა.
თბილისის წიგნის ფესტივალი: როცა ოთხი დღე ძალიან ცოტაა
აქამდე რაღაცნაირად მაინც ვახერხებდი სამსახურიდან გამოღწევას, მაგრამ წელს ოთხდღიანი ბიბლიოორგიის მოწყობა თეორიულადაც კი გამორიცხულია – ხუთშაბათს და პარასკევს სამსახურში ვიქნები და წიგნებისთვის მხოლოდ შაბათ-კვირას მოვიცლი.
ჰოდა, ამ პრევიუს, პირველ რიგში, იმათთვის ვწერ, ჩემს დღეში რომ არიან – “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ამო და აუჩქარებელი ბოდიალისთვის დრო არ გვექნება; ამიტომაც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სად რა მოვიძიოთ და პირველ რიგში რომელ სტენდებს დავესხათ თავს.
მოლი მოლში. წიგნის საახალწლო ფესტივალის კვალდაკვალ
არ ვიცი, “ექსპოს” მასშტაბებს შეჩვეულს მომეჩვენა თუ მართლა არ იყო ბევრი ხალხი, მაგრამ სიხალვათე აშკარად იგრძნობოდა. რას იზამ, წლის ბოლოს სხვა მაღაზიები და სხვა პროდუქტებია აქტუალური. “თბილისი მოლის” მეორე სართულზე გაშლილ პატარა ბიბლიოკუნძულს მხოლოდ განსაკუთრებით ერთგული მყიდველები სტუმრობდნენ და, სულო ცოდვილო, ყველაფერს რომ თავისი პლიუსი აქვს, აქაც ის ამბავია – სტენდებს შორის ბოდიალიც უფრო კომფორტული გახლდათ და არც მაინცდამაინც ცხელოდა, სხვათა შორის.
მოლი მოლში. საფესტივალო გზამკვლევი
სრული და ყოვლისმომცველი კატალოგი ვარო, ეს პოსტი ვერ დაიჩემებს – არც ადგილი მეყოფა საამისოდ და მაინცდამაინც საჭიროებასაც ვერ ვხედავ. მარტო ის მინდა, მოლისთვის საინტერესო წიგნებზე გიამბოთ; დანარჩენს თავადაც მშვენივრად მიხედავთ – აქ ისეთი გამოცდილი მკითხველი იყრის თავს, გამომცემლობების პრაისლისტებში ბარე ორ კონსულტანტზე უკეთ რომ ერკვევა.
წიგნის ფესტივალი ღმერთმა ოთხდღიანი შექმნა – არ იჩქარო, ოთხივე გამოიყენეო. ჩემს სამსახურს ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რატომღაც, განსხვავებული მოსაზრება აქვს და ხუთშაბათ-პარასკევს “ექსპოს” სტუმართმოყვარე პავილიონებში ატეხილ თუხთუხს და რიარიას შორიდან ვადევნებდი თვალს, გაავებული და გაბოროტებული. არა, წიგნები კი მომიცუხცუხეს კეთილმა ადამიანებმა, მაგრამ სხვა რომ გაგეგზავნება ერთია და შენ რომ დაბოდიალობ სტელაჟებს შორის – მეორე…
თბილისის წიგნის ფესტივალი – ის, რაც უნდა ითქვას
რამდენიმე გამომცემლობას კი მეგობრულად ვურჩევდი, გაეაზრებინათ, რომ სახელგამების, 22-კაპიკიანი უსახური წიგნების, გეგმური განაწილებისა და გეგმური შესყიდვის დრო წავიდა… ინფორმაციის საუკუნეში ვცხოვრობთ, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ფეისბუქი, თუ არ სმენიათ, უკვე გამოგონილია და მკითხველთან უშულო კონტაქტიც შესაძლებელია. მეტიც – აუცილებელია. არ დაიზაროთ, ძვირფასებო, მკითხველს მოუსმინეთ და რიგები თქვენც დაგიდგებათ.
თბილისის წიგნის ფესტივალი – ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს
თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალი რომ დაიწყო და ოთხი დღე გაგრძელდება, ცხადია, გეცოდინებათ. ამ ოთხი დღიდან ორი რომ სადაგია, ესეც. ასე რომ, ოფისებში გამოკეტილი ბიბლიოფილები კინკილა შაბათ-კვირის იმედად დავრჩით, რაც “ექსპო-ჯორჯიას” წიგნებით დახუნძლული მეთერთმეტე პავილიონის მოსარბენად კატასტროფულად ცოტაა. ჰოდა, ამ თითქმის შეუსრულებელი მისიის შესასრულებლად საგულდაგულოდ გაწერილი საფესტივალო გეგმაა საჭირო – რა გვინდა და სად ვეძებოთ. თორემ ერთიც იქნება, ნიუსებში მოხვდები – აჩვენებენ, როგორ დარბის ზურგჩანთააკიდებული ბლოგერი სტენდებს შორის და როგორ ჩურთავს წიგნებს ზედ დაუხედავად.
მოლის ორი დღე წიგნის ფესტივალზე
ღმერთმა წიგნის ფესტივალი ოთხდღიანი შექმნა – არსად იჩქაროო, სტენდებს შორის გულარხეინად ისეირნეო, ყველაფერი მშვიდად დაათვალიერეო, თუ რამე გამოგრჩა, სახვალიოდ მოინიშნეო.
ერთი ეგ არის, ჩემს სამსახურს ამაზე სულ სხვა აზრი აქვს და, ორ სადაგ დღეს ვინ ჩივის, შაბათსაც კი მხოლოდ ოთხი საათისთვის მოვახერხე “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ცხვირის შერგვა.
საფესტივალო გეგმა – ყველაზე გემრიელი წიგნები
აქამდე ერთი საფესტივალო დღეც არ გამიცდენია, არც ცხელ-ცხელი რეპორტაჟების დაწერა და თქვენამდე მოტანა დამზარებია… ოღონდ, წელს, სამსახურისა და გადარეული გრაფიკის გამო, ამ უკიდეგანო სიამოვნებაზე უარის თქმა მიწევს. გუშინ ვერაფრით დავუსხლტი საქმეს, დღესაც, ალბათ, ასე იქნება და ისევ შაბათ-კვირის იმედად ვარ.
დიდხანს ვიმტვრიე თავი, პირველი “საფესტივალო” პოსტი როგორ დამეწერა. ალბათ, ვერც ვერაფერს მოვიფიქრებდი, ჩემს მეგობარ ეკას რომ არ ერჩია – იმ წიგნებზე მოყევი, პირველ რიგში რომ უნდა ჩაუძახო ჩანთაშიო.
თბილისის წიგნის მეთოთხმეტე ფესტივალი – დასასრული
კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.
თბილისის წიგნის მეთოთხმეტე ფესტივალი – დასაწყისი
რა გასაკვირია, რომ თავიდანვე ფავორიტი გამომცემლობების სტენდებს ჩამოვუარე – ქარჩხაძესთან ნატო დავითაშვილის “ოთხი მხარე და ოთხი სვეტი” მოვიკითხე, “დიოგენესთან” – ფამუქის “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” და ჩემი ბავშვობის სიყვარული “პეპი გრძელიწინდა”, (საჩუქრად მჭირდებოდა)… ყველაზე დიდხანს სულაკაურის წიგნებთან შევრჩი – რემონ კენოს “ლურჯ ყვავილებს” და ჯაბა ზარქუას “მკითხველი უნდა მოკვდეს”-ს ორი ფანტასტიური ალბომი – “რენესანსი” და “იმპრესიონიზმიც’ მივამატე და სიმძიმისგან წელში გაზნექილი, სულის მოსათქმელად კაფესკენ გავეშურე.
წიგნის ფესტივალი. დღე მეოთხე და უკანასკნელი
“ექსპო ჯორჯიას” პავილიონი დამთვალიერებლისათვის უკიდურესად კომფორტული გამოდგა. წიგნების არჩევანი დიდი იყო, ფასდაკლება თითქმის ყველა სტენდთან – ხელშესახები. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ფესტივალის სავიზიტო ბარათი კრეატივი გახლდათ. შარშანდელი “კარცერ-ლუქსიც” მახსოვს და უფრო ადრინდელი ტომ სოიერის ღობეც, მაგრამ ეს ოთხი დღე შემოქმედებითი აქციებით გაცილებით დატვირთული გამოდგა. ანიმაციური გმირების კოსტუმირებული შოუ, ფლაერების დამრიგებელი, გორგოლაჭებზე მოსრიალე გოგონები, უამრავი ფერადი მაისური, გამომცემლობების საფირმო ჩანთები, გემოვნებით გაფორმებული სტენდები, პატარებისათვის საგანგებოდ მოწყობილი საკითხავი და სახატავი კუთხეები – ამ ყველაფერმა წიგნის ზეიმი კიდევ უფრო გაალამაზა…
მიუხედავად უამრავი აქციისა, მესამე საფესტივალო დღის მთავარი მოვლენა ჩემთვის მაინც ნატო დავითაშვილის ფენტეზი-რომანის – “ნისლებში და ნისლებს მიღმა” – პრეზენტაცია იყო, გამომცემლობა “ლოგოს პრესის” მიერ გამართული. ეს წიგნი ჯერ კიდევ გუშინწინ მაჩუქა ჩემს ბიბლიოფილურ სიმსუნაგეში კარგად გათვითცნობიერებულმა მეგობარმა, ამიტომ დღეს ნატოს ავტოგრაფის გარეშე დავრჩი, მაგრამ ამის გამო ცხვირჩამოშვებული ყოვლისშემძლე და დაუღალავმა ლიბიკამ გამამხნევა და პრობლემის მოგვარებას შემპირდა :) ასე რომ, ავტოგრაფის მიღების იმედი მაქვს და ეს ამბავი ფესტივალის ბოლო დღეს ძალიან გამიხალისებს :)
“სიესტამ” სიახლეებით დაინტერესებულ მკითხველს ერლომ ახვლედიანის “კოღო ქალაქში” შესთავაზა, სულაკაურის საგამომცემლო სახლმა კი – ბესო ხვედელიძის “თამრო”. სხვადასხვა სტენდზე კიდევ რამდენიმე ახალშობილ გამოცემას მოვკარი თვალი, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ღონისძიება ბაკურ სულაკაურის პროექტი – “წლის საუკეთესო მოთხრობა” იყო. კონკურსში მონაწილე ავტორებიდან ზოგიერთი სხვადასხვა კომპანიამ დააჯილდოვა, საპატიო კვარცხლბეკი კი ქართული ლიტერატურული ბომონდის მეტრებმა დაიპყრეს. მესამე საპრიზო ადგილი ნიჭიერი პროზაიკოსისა და მთარგმნელის – ირმა ტაველიძის “გორის ციხეს” ერგო, მეორე – თეონა დოლენჯაშვილის “რეალურ არსებებს”, წლის საუკეთესო მოთხრობის ტიტული კი ზურაბ ლეჟავას “უხურდავებელმა მონეტამ” მოიპოვა.
თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ გამომცემლობებს და წიგნის მაღაზიებს სტუმრების დასახვედრად საგულდაგულოდ ეზრუნათ – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, “დიოგენეს”, “ინტელექტის”, ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობის, სანტა-ესპერანსას, Prospero’s Books-ის საავტორო სტენდები ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩეოდა და წიგნების მრავალფეროვნებითაც. საბავშვო გამოცემების სიმრავლე, რომელმაც 23 აპრილს, დედაენის ბაღში, ცოტა არ იყოს და თვალი მომჭრა, დღეს იმდენად აშკარა აღარ იყო.
თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა
დღეს მოლი ბლუმის ბლოგი კარს მომდგარი წიგნის ფესტივალის პროგრამას გთავაზობთ. ბიბლიოფილებს შეუძლიათ, ღონისძიებების ნუსხას გადახედონ, მათთვის საინტერესო აქციები, ჩატარების დრო და ადგილი მოინიშნონ და საფესტივალო დღეები წინასწარ, აუჩქარებლად დაგეგმონ. პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია, რაშიც თვალის გადავლების შემდეგ თავად დარწმუნდებით – ორგანიზატორებმა დაპირება შეასრულეს და წიგნის მოყვარულთა ზეიმისთვის განკუთვნილი ოთხი დღე მაქსიმალურად დატვირთეს პრეზენტაციებით, ლექციებითა და გამოფენებით. ასე რომ, გაეცანით პროგრამას და… პავილიონებში შეხვედრამდე :)
“წიგნის კითხვა მათემატიკურ ამოცანას ჰგავს – კითხულობ, ხსნი და ბოლოს ან იღებ სწორ პასუხს, ან ვერა…”
ისე მოხდა, რომ ყველა წიგნი წაკითხული მქონდა, გარდა ბეგბედერის „99 ფრანკისა“. გამომდინარე იქიდან, რომ ეკრანული გამოსახულება არ მიყვარს, ფილმებს იშვიათად ვნახულობ, მაგრამ ეს ნანახი მქონდა და ველოდებოდი თარგმანს. თან, მანამდე ამ ავტორის „ექსტაზი“ მქონდა წაკითხული და, ვიცოდი, რომ „99“ ფრანკი, ე.წ. კანფეტი იყო. ალბათ, ძალიან ბევრი დარჩა აღფრთოვანებული და მეც მათ რიგებში ვარ. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ბეგბედერი, უელბეკი და კიდევ რამდენიმე თანამედროვე ავტორი, კარგად წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რაც თანამედროვე სამყაროში არსებობს. რაც არ უნდა ბევრი პორნო აღწეროს, მე ვიცი, რომ უელბეკი სექსზე არ წერს. ამ ყველაფრის მიღმა ძალიან მძიმე სულიერი კრიზისი იმალება, რის ანაზღაურებასაც ადამიანები სექსით ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით. მიმაჩნია, რომ ეს ორი ავტორი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ უელბეკისაგან განსხვავებით, ბეგბედერი ცხოვრებას არადეპრესიულად, იუმორითაც უყურებს. კითხვისას ხშირად მეგონა, რომ ავტორი ჩემს აზრებს კითხულობდა. ბევრჯერ წამოვიძახე: ჯანდაბა, ფრედ, ეს ხომ მე უნდა მეთქვა?! :)
არ მომეწონა, „ივენთჰოლზე“ რომ შეჩერდა არჩევანი, ცოტა უფრო მეტი სივრცე იყო საჭირო და წლევანდელი ფესტივალიც გაცილებით საინტერესო ამიტომ მგონია. გარდა ამისა, სიცხეც მიქმნიდა დისკომფორტს [თუმცა, ეს ხომ ორგანიზატორების ბრალი არ იყო], მიუხედავად ამისა, გულდასმით დავათვალიერე თითოეული გამომცემლობის სტენდი და ჩემი ერთ–ერთი საყვარელი მწერლის, ჰერმან ჰესეს რომანიც შევიძინე. მართალია, ჩემი ჯიბე კიდევ გასწვდებოდა რამდენიმე წიგნის შეძენასაც, მაგრამ ჩემთვის შესაფერისი ვეღარაფერი ვნახე.
ნატო დავითაშვილი – ჩემი წიგნის ფესტივალი
წელსაც იგივე გრძნობა მაქვს. წიგნის მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე გამომცემლობა “ლოგოს პრესი” ჩემს ახალ წიგნს წარადგენს – “ნისლებში და ნისლებს მიღმა” (პრეზენტაცია 28 მაისსაა, 14 საათსა და 30 წუთზე). ტრადიციას არ ვღალატობ (არც მაქვს სურვილი) და ეს წიგნიც ფენტეზის ჟანრშია დაწერილი და სამყაროც ჩემი მკითხველისთვის (მხედველობაში მაქვს “ამბავი ლილე იროელისა”) ნაცნობი იქნება. თუმცა, გმირები უცნობები. როგორც ფენტეზის სჩვევია, ერთი სამყაროს ქრონიკებს ვწერ. თუმცა ქრონოლოგიას (ესეც მიღებულია ამ ჟანრში და არც თუ ისე იშვიათად ხდება) ვერ ვიცავ: ხან მომავალს ვყვები და ხან წარსულს.
“წლევანდელი ფესტივალი, კრეატიულობის მხრივ, ნამდვილად გამორჩეული იქნება…”
წლევანდელი ფესტივალი კრეატიულობის მხრივ ნამდვილად გამორჩეული იქნება. წელს, პირველად, საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილი იქნება სამი საავტორო სტენდი, რომლებიც ფესტივალის ვიზუალურ მხარეს სადღესასწაულო იერს შესძენს. საავტორო სტენდების დიზაინზე წინასაფესტივალო მზადების პერიოდში ძალიან ბევრი იფიქრეს და იშრომეს გამომცემლობებმა – მიმდინარეობდა სტენდების ესკიზების მიღება, განხილვა, ჩასწორება და საბოლოო დადასტურება გამოფენის დიზაინერის მიერ. დარწმუნებული ვარ, ორიგინალური საავტორო სტენდები დამთვალიერებლისთვის უაღრესად საინტერესო და მიმზიდველი იქნება და კრეატიულობაც სათანადოდ დაფასდება.
კატალუნიური “წიგნის და ვარდის დღე” თბილისში
1995 წელს, როდესაც იუნესკოს მორიგ სესიაზე ამ თარიღის დღესასწაულად გამოცხადებას გეგმავდნენ, არჩევანი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა – 23 აპრილს დაიბადა და გარდაიცვალა კაცი, რომლის ჯულიეტას მთელი მსოფლიოს მიჯნურები დღემდე უგზავნიან ბარათებს და გულისნადებს უზიარებენ – ინგლისური დრამატურგიის გენია უილიამ შექსპირი; ამავე დღეს მოევლინა ქვეყანას მორის დრიუონი – შუა საუკუნეების საფრანგეთის მხატვრული ისტორიის შემოქმედი; მწუხარე სახის რაინდისა და ერთგული სანჩო პანსას ლიტერატურული მამის – მიგელ დე სერვანტესის და განთქმული ისტორიკოსის, ინკების ისტორიის თავგამოდებული მკვლევარის – გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალებაც 23 აპრილით გახლავთ დათარიღებული.
თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალი
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ფესტივალის გახსნამდე ჯერ საკმაო დროა დარჩენილი, უკვე ცხადია, რომ ეს ყველაფერი შარშანდელზე უკეთ იქნება ორგანიზებული. ოთხი საფესტივალო დღიდან სამი უქმეა, რაც ერთობ ხელსაყრელია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მსგავს ღონისძიებებს ნებისმიერ დღესასწაულზე უფრო მოუთმენლად ელოდებიან – ხელს ვერც სამსახური შეუშლით და ვერც სასწავლებელი. გარდა ამისა, ძირითად აქციას – წიგნების გამოფენა-გაყიდვას წელს “ექსპო ჯორჯიას” პავილიონები დაეთმობა, რაც უდავოდ მისასალმებელია – ფილარმონია, ამ თვალსაზრისით, გაცილებით ნაკლებ კომფორტული იყო.
მომწონს ეს გვერდი ;-)
LikeLike
სენქს ე ლოთ :)
LikeLike
ველოდები ხუთშაბათს და ამ გვერდის კიდევ უფრო გააქტიურებას. მადლობა ინფორმატიულობისათვის.
LikeLike
მადლობა შეფასებისთვის :)
და ველქამ :)
LikeLike
[…] აინტერესებს, აგერ მოლი და აგერ მისი ნაშრომები ამ თემასთან დაკავშირებით. ხვალ […]
LikeLike
chemi tavis naxvas suratze namdvilad ar movelodiii momenatra wignebis garemocvashi yofnaaa:)))
LikeLike
:)ar velodi suratze sakutari tavis naxvas…momelatra wignebis garemocvashi yofna martlac kargi gamofena iyo
LikeLike
შენი კომენტარი ვორდპრესს სპამი ეგონა და დამალა.
ნამდვილად კარგი გამოფენა ჩატარდა :)
LikeLike
wels rodis iqneba xom ar ici?
LikeLike
24-27 მაისს
LikeLike
uraaa, e.i. male : )
kidev gaashuqeb?
LikeLike
ვაპირებ, თუ რამე სერიოზულმა ხელი არ შემიშალა.
LikeLike
[…] მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე […]
LikeLike
[…] მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე […]
LikeLike
[…] Molly Bloom’s Day წიგნის ფესტივალზე […]
LikeLike